Sunday, October 9, 2016

მელა: “როდესაც გორგოძე ბრაზდება, ის ქართულად ლაპარაკს იწყებს” დიტო ჭიჭინაძე

ფრანგული "ბრივის" მორაგბემ, არნაუდ მელამ "ტულონის" ქართველი ლეგიონერის, მამუკა გორგოძის შესახებ ისაუბრა.
"მამუკას წაგება და უკან დახევა არ უყვარს. მის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია. როდესაც ბრაზდება, ქართულად ლაპარაკს იწყებს. ცხადია, მის ნათქვამს ვერავინ ვიგებთ, მაგრამ ვიცით, რომ თბილ სიტყვებს არ ამბობს", - უთხრა მელა Midi Olympique-ს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ბრივის" ღირსებას კარლენ ასეიშვილი, სოსო ბეკოშვილი და ვასილ ლობჟანიძე იცავენ.

Wednesday, September 28, 2016

"მოედანზე არიან ბორჯღალოსნები"

სამშაბათს, 20 სექტემბერს, 17 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის დარბაზში მოეწყობა ალექსანდრე ქურდობაძის წიგნის – "მოედანზე არიან ბორჯღალოსნები" წარდგენა.  ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ავტორი ქართული რაგბის სამყაროში "შინაური კაცია".  აკი კავშირის გენ-მდივნადაც უღვაწია ორი ვადით.  ინჟინერი ქურდობაძე სპორტის ცნობილი სტატისტიკოსი და ისტორიკოსია.  მას აქამდეც გამოუცია წიგნები, პროგრამები, კომპაქტ-დისკი და რაგბის გაზეთი.

ქურდობაძის მორიგი ნაშრომი სრულად და დაწვრილებით აღწერს "ბორჯღალოსნების" მიერ განვლილ გზას დაბადებიდან (1989) ბოლო მსოფლიო თასის (2015) ჩათვლით.  წიგნი 264-გვერდაა, 29 თავსა და ორ სტატისტიკურ ნაკვეთს კი 16-გვერდიანი ფოტო-ჩანართი ამშვენებს.

წიგნი 750 ცალად დაიბეჭდა თბილისის მერიის "კულტურული ღონისძიებების ცენტრის" მხარდაჭერით.

Tuesday, September 27, 2016

რას მატებს ბავშვს რაგბი

 ref
რაგბი გუნდური თამაშია, რომელიც 80 წუთი გრძელდება და თუ სტატისტიკას გადავხედავთ ეს არის თამაში, სადაც მორაგბეს უწევს წნეხის ქვეშ მაქსიმალურად ოპტიმალური გადაწყვეტილების მინიმალურ დროში მიღება. რაგბში ადრეული ასაკიდან ჩართვა და მის სტრატეგიულ ელემენტებში გათვიცნობიერება ბავშვს მომავალში დაეხმარება კონცენტრაციისა და ანალიზის უნარის ჩამოყალიბებაში. ის რომ რაგბი სამართლიანი თამაშია, პირველ რიგში ეს მის წესებზე მეტყველებს და სწორედ აქედან გამომდინარეობს ფაქტი რომ ბავშვს უვითარდება სამართლიანი თამაშის ჩვევა და ასწავლის მიზნის პატიოსანი გზებით მიღწევას.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ რაგბის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა, რომელსაც  მოწინააღმდეგის პატივისცემა ჰქვია, რითაც ბავშვი სწავლობს ჯანსაღ კონკურენციას.

რაგბი არის ერთადერთი თამაში სადაც ქულა უფრო გუნდური ძალისხმევით და ხანდახან როგორც ინდივიდუალური უნარ-ჩვევებითაც მოიპოვება,  მხოლოდ რაგბში ვხვდებით სიტუაციას, როდესაც შეტევა შეიძლება განხორციელდეს ერთი ადამიანის მეშვეობით, რომელსაც ზურგს რამდენიმე თანაგუნდელი უმაგრებს და ეხმარება რაც წინსვლას უფრო აძლიერებს.

გუნდურობა - რაგბის ეს პრინციპი რასაც გუნდური მუშაობა ჰქვია,  ეხმარება ბავშვს ხასიათის ჩამოყალიბებაში. მომავალში მის საქმიანობაში, იქნება ეს სტადიონზე თუ სამუშაო გარემოში, იგი უფრო ადვილად ადაპტირდება გარემოსთან და გაუმარტივდება გუნდური მუშაობა.

ამ თამაშში მონაწილეობა შეუძლია ყველას, განურჩევლად ზომისა, წონისა და სქესისა. ზემოთ მოყვანილი უნარ-ჩვევები და სარაგბო ფასეულობები დღევანდელ რეალობაში ეხმარება ჩამოყალიბებაში არა მარტო ბიჭებს არამედ გოგონებსაც.

სად მივაბაროთ ბავშვი
ბოლო დროს, ბორჯღალოსნების წარმატებებთან ერთად იზრდება ბავშვთა რაგბში მოყვანის ტენდენცია. საქართველოს მასშტაბით უამრავი კლუბია, რომლებსაც ბავშვთა საფესტივალო და ჭაბუკთა გუნდები ჰყავთ, სადაც ბავშვები ადრეული ასაკიდან ეუფლებიან რაგბის ანა-ბანას.

თუ სურვილი გაქვთ, რომ ბიჭი რაგბზე მიიყვანოთ ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ ამბმულზე >>> და თქვენთვის სასურველ კლუბში მიიყვანოთ.

ვინაიდან ქალთა რაგბი ახლა იდგამს ფეხს დიდი ტემპებით, გოგონას რაგბზე მიყვანის სურვილის შემთხვევაში უმჯობესია დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზეoffice@rugby.ge და ჩვენ, ქალთა რაგბის სამწვრთნელო შტაბთან ერთად, დაგეხმარებით შესაბამისი კლუბის შერჩევაში.

განვითარების ჯგუფი
სხვადასხვა სამწვრთნელო პროგრამების, სასერთიფიკატო კურსების, მასტერკლასებისა, საბავშვო ფესტივალებისა და ჭაბუკთა შეჯიბრებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ფეისბუქზე დაუმეგობრდით რაგბის განვითარების ჯგუფს

Friday, September 23, 2016

სკანდალი რაგბის კავშირში

ფეხბურთის ფედერაციის შემდეგ რაგბის კავშირი ხელისუფლება ამჯერად უკვე რაგბის კავშირში გეგმავს საკუთარი ინტერესების გატარებას. მოგეხსენებათ, ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნებს უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი აკონტროლებდა. ხელისუფლებას ყველა ბერკეტის გამოყენება დასჭირდა, დელეგატების დაშინებისა და დაკავების ჩათვლით, რომ ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარედ მისთვის სასურველი პირი გაეყვანა. საქმე ფინანსებშია და არა სპორტის რომელიმე სახეობის აღორძნების მცდელობაში, რადგან ფეხბურთის ფედერაციაში ჯერ მხოლოდ თანამდებობის პირები შეიცვალნენ და ქართულ ფეხბურთს არაფერი დასტყობია. ამჯერად, საქმე ეხება რაგბის კავშირს და კავშირის თავმჯდომარედ სასურველი კანდიდატურის გაყვანას. მთავარი ფიგურანტი, როგორც პირველ შემთხვევაში, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეა. „ქრონიკა+“­ის წყაროს ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრმა რაგბის კავშირის თავმჯდომარეს, გია ნიჟარაძეს, უკვე “მეგობრულად“ ურჩია, არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღოს, რადგან ის ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატი არ არის. გია ნიჟარაძე რაგბის კავშირის თავმჯდომარედ 2012 წლის იანვარში აირჩიეს, გამგეობაში 13 წევრი შევიდა, მათ შორის, გამგეობის წევრები იყვნენ რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რიჩარდ დიქსონი და ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ყოფილი პრემიერი რაგბის განვითარებაში საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციას ახორციელებდა. რაგბის კავშირთან არანაირი პრეტენზია ამ დრომდე არავის ჰქონია, მეტიც, ეს ფინანსები რაგბის კავშირის განვითარებისათვის იმდენად მიზნობრივად იხარჯებოდა, რომ სპორტის ეს სახეობა ნამდვილად საამაყო გახდა ჩვენი ქვეყნისთვის. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების„ მოსვლის შემდეგ რაგბისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა გაიზარდა, სპორტის მაშინდელმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა, რაგბის განვითარებისთვის დამატებითი ინვესტიცია _ 3 600 000 ლარი გამოყო. 2014 წელს გადაწყდა, რომ დიღომში 30­ათასიანი სარაგბო არენა უნდა აშენდეს, არენამ 25 ათასი გულშემატკივარი უნდა დაიტიოს, პროექტი რაგბის კავშირის, ფონდი „ქართუს“ და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს. ახალი მოედნის აშენებაზე მეტწილადაა დამოკიდებული 2017 წელს ახალგაზრდული მსოფლიო პირველობის მიღებაც, რომლის მასპინძლადაც საქართველომ საერთაშორისო ფედერაციაში განაცხადი შეიტანა. ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა გაზაფხულზე უნდა გაირკვეს. ამ დაწყებული პროექტებისა და არარსებული პრეტენზიების ფონზე ენერგეტიკის მინისტრის მოთხოვნა, რომ გია ნიჟარაძემ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, სრულიად გაუგებარია. ასევე კულუარული ინფორმაციით, კალაძეს ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავს _ ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე, რომელიც ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატია ქ. თბილისის საკრებულოში. 2015 წლის 13 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. სპორტული გაერთიანების ინფორმაციით, კავშირის შიდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თანამდებობის პირები კავშირის წევრებზე ზეწოლასა და სასურველი კანდიდატის გაყვანას ცდილობენ. „საქართველოს რაგბის კავშირის წესდების „თ“ პუნქტის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 20 დეკემბერს იმართება რაგბის კავშირის საერთო კრება, რომელზედაც რაგბის კავშირის მმართველი ორგანოები უნდა აირჩიონ _ რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამგეობა. ეს კრება არის საარჩევნო კრება, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. არჩევნების პროცესს ხშირად თან ახლავს გარკვეული სირთულეები, ემოციები და ცალკეულ შემთხვევებში არაჯანსაღი, გაუაზრებელი და ინსტინქტური ქმედებებიც კი. არც ეს არჩევნებია გამონაკლისი. უკვე შეიმჩნევა ზოგიერთი „თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრის“ და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებს სცილდება და სახიფათო პრეცედენტს ქმნის პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ. უდავოა, რომ საქართველოში რაგბის პოპულარობა არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ნაკრების წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა, არამედ იმ ფასეულობების სისტემამ, რაც ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა და აღმოაჩინა სპორტის ამ სახეობაში. „რაგბი ჩვენი თამაშია“, _ ეს სიტყვები სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია მარადიულ ფასეულობებთან. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, როგორც რაგბის კავშირის საერთო კრების ორგანიზატორი და პასუხისმგებელი ორგანო, თანადგომას უცხადებს და პასუხისმგებლობას იღებს, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს რაგბის კავშირის ხმის უფლების მქონე ყველა ნამდვილ წევრს, მათი ნების გამოვლენისას გარეშე პირთაგან ზეწოლისა და სხვაგვარი იძულების მცდელობის შემთხვევაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა მცდელობა ცალკეული თანამდებობის, თუ გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირებისაგან, მოახდინონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა რაგბის კავშირის ნამდვილ წევრზე, მიმართული მისი ნების საწინააღმდეგოდ, იქნება საჯაროდ მხილებული. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული გაფრთხილების ადრესატი არ გახლავთ კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტია, მმართველი პოზიცია თუ ოპოზიცია, იგი მიმართულია იმ ცალკეული პოლიტიკური თუ საჯარო თანამდებობის პირისა და გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირების მიმართ, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ზეგავლენა მოახდინონ საარჩევნო პროცესზე. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ იმ ფასეულობებს, რაც მორაგბეებსა და მათ გულშემატკივრებს აერთიანებს სიტყვებში: რაგბი ჩვენი თამაშია“, _ აღნიშნულია განცხადებაში. 

Thursday, September 22, 2016

20 წლამდელთა მსოფლიო | საქართველო 2017

8 თვეში,  მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები საქართველოში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეუდგებიან. სარაგბო სამყაროში კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდით მეორე ტურნირი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 31 მაისს თბილისსა და ქუთაისში აიღებს სტარტს.

დღეს, ტურნირისთვის მზადების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დღეა, ვინაიდან მსოფლიო რაგბი და საქართველოს რაგბის კავშირი ჩემპიონატის განრიგს და ჯგუფებს ვაქვეყნებთ.

სტადიონები

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ერთაბაშად ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება. 
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ინგლისი ტიტულის დასაცავად A ჯგუფში ავსტრალიას, უელსს და სამოას დაუპირისპირდება. სამოა 20-წლამდელთა 12 გუნდიან ელიტას წელს, მსოფლიო ალაფის მოგების შემდეგ დაუბრუნდა.

ზელანდია ქუთაისში იბურთავებს
მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ირლანდია, სარაგბო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ტურნირის 5 გზის ჩემპიონი ახალი ზელანდია შოტლანდია და იტალია B ჯგუფის თამაშებს ქუთაისში, აია არენაზე გამართავენ

შინაურ კედლებში

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონატის ფერხულში პირველად წელს ჩაებნენ, მას შემდეგ რაც შარშან ალაფა მოიგეს. და საქართველოში გასამართ ტურნირამდე ერთი წლით ადრე მანჩესტერში იასპარეზეს, სადაც ჯგუფში ახალ-ზელანდიას, უელსს და ირლანდიას ეთამაშნენ. საპლეიოფო ეტაპზე უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიელ თანატოლებს შეხვდნენ და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო ბოლო სამატჩო დღეს საფრანგეთს შევხვდით და სამი ქულის სხვაობით, 24-27 დავთმეთ შეხვედრა. ამ შედეგით ჩვენმა ნაკრებმა მე-10 ადგილი დაიკავა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლის სტატუსით ისედაც მივიღებდით მონაწილეობას 2017 წლის ტურნირზე, ელიტაში თამაშის უფლება სპორტული შედეგითაც დავიმსახურეთ.

წელს კი ჯგუფურ ეტაპზე ავჭალაში არგენტინას, სამხრეთ აფრიკასა და საფრანგეთს ვერკინებით. 
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ მნიშვნელობითა და სიდიდით მეორე ტურნირია. მასში მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. საქართველოში ამ დონის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ. თუმცა მსოფლიო რაგბის ეგიდით ტურნირები შინ აქამდეც გაგვიმართია - 2011 წელს თბილისში მაშინდელი რაგბის მსოფლიო საბჭოს ახალგაზრდულ ალაფას ვუმასპინძლეთ, ხოლო 2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ავჭალის სტადიონზე ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი, თბილისის თასი იმართებოდა.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მსოფლიო რაგბმა 2015 წელს მოგვანიჭა, რაც თავისმხრივ ქართული რაგბის მზარდ განვითარებაზე და მაღალ ორგანიზაციულ დონეზე მეტყველებს, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი არაელიტარულ სარაგბო ქყვეყანაში გაიმართება.

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი:

„მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი ტურნირად ჩამოყალიბდა ჩვენს სპორტში; მას უდიდესი წვლილი მიუძღვის რაგბის მომავალი ვარსკვლავების აღზრდაში.

„საქართველოში რაგბი ზრდის ტალღაზეა და მოსახლეობის უდიდეს ინტერესს იზიდავს. ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალ წელს, როდესაც თბილისის და ქუთაისის სტადიონებზე მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდი მაღალი კლასის რაგბის საჩვენებლად შეიკრიბება, მათ მხურვალე და ენერგიული მაყურებლებით სავსე ტრიბუნები დახვდებათ.

„2019 წლის მსოფლიო თასიც აღარაა შორეული პერსპექტივა. იმ მორაგბეთა შორის, რომლებსაც ჩვენ საქართველოში ვიხილავთ, მრავალი სულ რაღაც სამ წელიწადში გაიბრწყინებს იაპონიაშიც, მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ტურნირზე“,

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე
 
„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგანაც 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფები დასახელდა.  დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირი, არამედ მთლიანად საქართველო აღფრთოვანებულია იმ ფაქტით, რომ 1 წელზე ნაკლებ დროში თბილისი და ქუთაისი რაგბის მომავალ მსოფლიო ვარკვლავებს უმასპინძლებს.

„გულშემატკივრებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე შეუძლიათ დაგეგმონ თავიანთი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში და უგულშემატკივრონ რაგბის ამომავალ ვარკვლავებს, უყურონ სანახაობრივ რკენებს და დატკბნენ საქვეყნოდ ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობით.
 
„ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის დიდი პატივია კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდით მეორე ტურნირის მასპინძლობა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის და მსოფლიო რაგბის მხარდაჭერითა და საქართველოს რაგბის კავშირის ჩართულობით ეს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში იქნება  ყველაზე წარმატებული ტურნირი“

მას მერე რაც 2008 წელს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის (ყოფილი ) გათამაშება დაიწყო, ამ ტურნირიდან მსოფლიო არენაზე 400-ზე მეტი მოთამაშე ამოვიდა.

სამმა გუნდმა აღმართა ნანატრი ჯილდო - ახალმა ზელანდიამ (2008-11 და 2015 წლებში), სამხრეთ აფრიკამ (2012 წელს) და ინგლისმა (2013, 2014 და 2016 წლებში).

ცხრა კაპიტანი, რომლებსაც წილად ხვდათ 20-წლამდელთა თასის აღმართვის პატივი, არიან: ქრის სმითი (ახალი ზელანდია, 2008 წელი), აარონ ქრუდენი (ახალი ზელანდია, 2009 წელი), თაილერ ბლეიენდაალი (ახალი ზელანდია, 2010 წელი), ლიუქ უაითლოქი (ახალი ზელანდია, 2011 წელი), უაიაან ლიბენბერგი (სამხრეთ აფრიკა, 2012 წელი), ჯეკ კლიფორდი (ინგლისი, 2013 წელი), მარო იტოჯე (ინგლისი, 2014 წელი), ატუ მოლი (ახალი ზელანდია, 2015 წელი) და ჰარი მალინდერი (ინგლისი, 2016 წელი).

ბორჯღალოსნები | შალვა მამუკაშვილი

ფრანგული ტოპ 14-ის მონპელიე კიდევ ერთი ბორჯღალოსნით გამდიდრდა - ეროვნული ნაკრებისა და დიდი 10-ის ყოჩების შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი ფრანგულ კლუბში სამედიცინო ჯოკრის სტატუსით ითამაშებს.

გასულ უქმეებზე მონპელიეს კვაჭი, ყოფილი ქურციკი ბისმარკ დუ პლესი დაშავდა, რის გამოც იგი მოედანზე მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ვერ გავა და მის შემცვლელად მამუკაშვილს უხმეს. იგი შაბათს საფრანგეთში მიემგზავრება და მონპელიეს ქართულ დესანტს, მიხეილ ნარიაშვილს, დუდუ ქუბრიაშვილს, კოტე მიქაუტაძესა და გაგი ბაზაძეს შეურთდება.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს მონპელიესთან წინასწარი კონტრაქტი ასევე გააფორმა ბორჯღალოსანმა ლაშა ლომიძემ და ის კლუბს მომავალი, 2017-2018 წლის სეზონიდან შეუერთდება.